ფრანგმა პოლიტიკოსმა ლორან ვოკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ფონად სომხეთის რუკაა წარმოდგენილი. რუკაზე სომხეთის რუკის საზღვრებში, სხვა ტერიტორიებთან ერთად ახალქალაქიცაა მოქცეული.
ფრანგი პოლიტიკოსის ამ პოსტს გამოხმაურება მოჰყვა, როგორც საქართველოს საგარეო უწყების, ასევე საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხრიდან.
ამჟამად ლორან ვოკის „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტი აღარ იძებნება.
„ოვერენი-რონ-ალპის რეგიონის მიერ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამოქალაქო პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ნამდვილად მისასალმებელი ინიციატივაა. თუმცა, რუკის ფონად ჩვენება, რომელზეც სომხეთი მნიშვნელოვნად სცდება მის საზღვრებს და რომლის მიხედვითაც საქართველოს შემადგენელი ნაწილი (ახალქალაქის რაიონი) სომხურ ტერიტორიად არის აღნიშნული, სულ მცირე, უხერხულია. ამჟამად რეგიონში არსებული უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, ამგვარი კარტოგრაფიული ასახულობა მხოლოდ სიძულვილის გაღვივებასა და დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება“, - წერს საქართველოს ელჩი საფრანგეთში თეა კატუკია.







