ვიდეო: ტვ პირველი
გუშინ, თემქაზე, 53 წლის კაცი ძაღლთან ერთად სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. სიკვდილის მიზეზად CO დასახელდა.
კომპანია „თბილისიენერჯიში“ აცხადებენ, რომ, კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი აღნიშნულ მისამართზე მათმა თანამშრომლებმა ორჯერ დალუქეს, თუმცა ბინის მეპატრონემ ორივეჯერ თვითნებურადმიაერთა.
„პრაიმტაიმი“ გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ახლა გავიგე, რომ „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებს ორჯერ დაულუქავთ წყლის გამათბობელი, მაგრამ ორივეჯერ თვითონ მიუერთებია საწყალს. სახლში ამ დროს ოჯახის წევრები არ ყოფილან. მეზობლებმა თქვეს, მეუღლე ურეკავდა და ტელეფონს არ პასუხობდაო. მერე სამაშველო სამსახური გამოუძახია და კარი ასე გააღეს. შიგნით შესულებს კი ძაღლიც და კაციც გარდაცვლილი დახვდათ. ძალიან დიდი ტრაგედიაა, როგორც ოჯახისთვის, ისე ნათესავებისთვის და მთელი სამეზობლოსთვის“ – ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
„თბილის ენერჯის“ ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათმა სამსახურმა 9802 აბონენტი შეამოწმა, საიდანაც კუსტარულად დამონტაჟებული 738 დანადგარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გუშინდელი ფაქტის ჩათვლით CO – თი 15 ადამიანი გარდაიცვალა.







