ოთხშაბათს 16 დეკემბერს ჩინეთის უპილოტო კოსმოსური მისია Chang’e, დედამიწაზე მთვარის გრუნტის ნიმუშებით დაბრუნდა.
ამით, ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც დედამიწაზე მთვარის გრუნტის ნიმუშები ჩამოიტანა. გეგმის მიხედვით აპარატს 2 კილოგრამამდე გრუნტი უნდა შეეგროვებინა, თუმცა ჩინური მხარე ზუსტ ციფრს არ ასახელებს.
ჩანიემ მთვარის ზედაპირს 1 დეკემბერს მიაღწია და ქარიშხლების ოკეანის მიდამოებში რბილად დაეშვა. ბიბისის ცნობით კაციობრიობა მთვარის ამ ნაწილს პირველად იკვლევს.
ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში პირველად, მეცნიერებს, მთვარის გრუნტის ახალ ნიმუშებზე ექნებათ წვდომა. ბოლოს მთვარის გრუნტის ნიმუში დედამწიაზე, 1976 წელს საბჭოთა ლუნა-24-მა ჩამოიტანა.








