საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს გამართულ ბრიფინგზე პასუხის გაცემა გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის" აქციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც მოუწია. საქმე ეხება ბუბა კიკაბიძის მიერ სიმღერა თბილისოს ქართულ-რუსულ ენაზე შესრულებას.
"ორ რამეს ვიტყვი, პირველი რომ უაღრესად, ადამიანურად დამწყდა გული და გეტყვით რატომ. მეორე - ქვეცნობიერია ხალხო, ჩვეულებრივი ქვეცნობიერია. სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა, რომ გამოსულიყო და რაიმე კომენტარი გაეკეთებინა. ერთი ამბავი რომ ატყდა, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა. ამიტომ არის ეს ქვეცნობიერი, დარწმუნებული ვარ ამაში.
რაც შეეხება რატომ დამწყდა გული, ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. ესაა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, როცა ცალკე აღებული ადამიანის ინდივიდუალური ბედი არავის არ ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი იქ რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ. შემდგომ რაც წლების განმავლობაში შეუქმნია რეპუტაცია და ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში... სამწუხაროდ, ასე ვაფასებ ამას.







