ესპანეთში “რუსული მაფიის” 23 წევრი დააკავეს. ინფორმაცია ამის შეასხებ ესპანეთის პოლიციამ გაავრცელა.
გამოძიება ევროპოლის მონაწილეობით მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. კრიმინალური ჯგუფები ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ესპანეთის ტერიტორიას „ფულის გათეთრებისთვის“ იყენებდნენ.
გამომძიებლების თქმით, მაფიის წევრები, ფულის გათეთრებისთვის იყენებდნენ გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებს, რესტორნებსა და უძრავ ქონებას ესპანეთის კურორტებზე.
ესპანეთის ხელისუფლება, გამოძიებას ბოლო 10 წლის განმავლობაში მაფიის წინააღმდეგ ჩატარებულ ყველაზე დიდ ოპერაციას უწოდებს. გამომძიებლების თქმით, გარდა იმისა, რომ დაჯგუფების წევრებს კრიმინალურ სამყაროში მაღალი პოზიციები ეკავათ, მათ გარკვეული გავლენების მოპოვება სახელმწიფო სტრუქტურებშიც შეძლეს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჩხრეკა 18 მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 300 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული, ძვირფასეულობა. ასევე აღმოჩენილია კრიპტოვალუტა. დაყადაღდა მილიონობით დოლარის ანგარიშები.







