გადატვირთული ადგილების გამო, „თერჯოლამედიში“ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ვერ მიიღეს. ინფორმაციის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულის ახლობელი კლინიკის პერსონალს პაციენტის მიღებას სთხოვს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებას საჭიროებს. საპასუხოდ, პაციენტის ახლობელს ექიმი ეუბნება, რომ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები არ არის და მას მსუბუქი პაციენტების პალატაში ვერ მოათავსებენ.
„ადგილი თუ არ მაქ როგორ მივიღო, ამას სჭირდება რეანიმაცია, მაქვს ჩვეულებრივი ადგილი თერაპიაში, სადაც ჟანგბადის წყარო არ არის, სადაც „ლაითი“ პაციენტებია, იქ როგორ წავიყვანო, კაცი სულს ღაფავს“, – ამბობს ექიმი.







